logo
ENG



მედია: არსებობს ვარაუდი, რომ ტიხანოვსკაიას ვიდეო ცესკო-ში, იძულებით გადააღებინეს

11 აგვ 202020:26
3 წუთის საკითხავი
 

ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ბელარუსი დატოვა. პრეზიდენტობის კანდიდატი ლიეტუვაში იმყოფება. 

მას შემდეგ რაც ტიხანოვსკაიამ ქვეყანა დატოვა, მისი ორი ვიდეომიმართვა გავრცელდა. პირველ ვიდეოში ტიხანოვსკაია შვილებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. ასევე, პოლიტიკოსი ამბობს, რომ მის გადაწყვეტილებაზე გავლენა არავის მოუხდენია. 

ამ ვიდეო მიმართვიდან რამდენიმე საათში პროსახელისუფლებო მედიამ სვეტლანა ტიხანოვსკაიას მეორე ვიდეომიმართვაც გაავრცელა, რომელშიც ის მოსახლეობას მოუწოდებს, უარი თქვან საპროტესტო გამოსვლებზე. არსებობს ვარაუდი, რომ პრეზიდენტობის კანდიდატს ამ მიმართვის ჩაწერა ცესკოში სარჩელის შეტანის დროს აიძულეს.

ამ ვარაუდს ამყარებს ის ფაქტი, რომ ვიდეო მიმართვის დროს ტიხანოვსკაია ტექსტს ფურცლიდან კითხულობს. გარდა ამისა, ის ზის დივანზე, რომელიც იდენტურია იმ დივნისა, რომელიც ბელარუსის ცესკო-ს თავმჯდომარეს უდგას კაბინეტში. ამის დასტურად მედია კიდევ ერთ ვიდეოს ავრცელებს, რომელიც ჩაწერილია ცესკო-ს თავმჯდომარესთან ინტერვიუს დროს. 

არის ეჭვი, რომ დღეს გავრცელებული, მეორე ვიდეო ტიხანოვსკაიას გუშინ, ცესკო-ს თავმჯდომარის ოფისში, შეხვედრის დროს, გადააღებინეს. 

გარდა ამისა, პირველი ვიდეო გავრცელებულია ტიხანოვსკაიას მეუღლის Youtube-არხზე, ხოლო მეორე პროსახელისუფლებო მედიის მიერ. მედია: არსებობს ვარაუდი, რომ ტიხანოვსკაიას, ვიდეო ცესკო-ში, იძულებით გადააღებინეს.

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. არაოფიციალური ეგზიტპოლი განსხვავებულ მონაცემებს ავრცელებს. პარალელური დათვლების მონაცემებით,  პირველ ადგილს ტიხანოვსკაია იკავებს - 72.1%-ით, ხოლო ლუკაშენკოს 13.7% აქვს.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. მომიტინგეები ოფიციალური ეგზიტპოლის შედეგებს აპროტესტებდნენ. მოქალაქეებსა და სამათალდამცველებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ბელარუსში აქციის დროს 3 ათასი მოქალაქე დააკავეს, 89 ადამიანი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა


close დახურვა